Foto

უკრაინაში განეიტრალებულია ФСБ-ს დივერსიული ჯგუფი, რომელიც სამხედრო მეთაურების მკვლელობას გეგმავდა - СБУ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვამ კიევსა და სუმის რეგიონში გაანეიტრალა ФСБ-ს დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურების მკვლელობას ამზადებდა. 

უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფი ФСБ-ს თანამშრომელმა შექმნა.

"დადგინდა, რომ მათ დაათვალიერეს უკრაინის ჯარების განლაგებისა და გადაადგილების პუნქტები დედაქალაქის ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის სასაზღვრო რაიონებში.

მტრის დივერსანტების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების საბრძოლო ნაწილების მეთაურების პერსონალური მონაცემების შეგროვება და ადგილსამყოფელის გარკვევა. 

აგრესორი მიღებული ინფორმაციის გამოყენებას უკრაინელი დამცველების ფიზიკური ლიკვიდაციისთვის გეგმავდა", - ნათქვამია СБУ-ს ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, ჯგუფში შედიოდა სუმის ოლქის სასაზღვრო რეგიონის მკვიდრი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დააკავეს. 

"სწორედ ის იყო უშუალო კავშირში თავის „კურატორთან“ და კოორდინაციას უწევდა მტრის ამოცანების შესასრულებლად მოქმედებების გეგმებსა და ალგორითმებს. კომუნიკაციისთვის ისინი იყენებდნენ ელექტრონული კომუნიკაციის დახურულ არხებს", - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.