Foto

გვარამია - ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელი განცხადებები დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია

ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელი განცხადებები დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია. - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, გარდაუვალია ამ არაჯანსაღი სამთავრობო პროპაგანდისტული გზავნილების მასიური ცირკულაცია იმ მიზნით, რომ მძიმედ დაზიანდეს როგორც ქართული პროდასავლური საზოგადოება, ასევე საკუთრივ ევროპული ინსტიტუტების ავტორიტეტიც.

"ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელი განცხადებები საქართველოში დემოკრატიული პროცესების პოზიტიური განვითარების შესახებ დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია. ეჭვგარეშეა, თუ როგორ იქნება ეს გზავნილები გამოყენებული სამთავრობო პროპაგანდის მიერ: „ქართული ოცნების“ უმძიმესი ავტოკრატიული მმართველობა ევროკავშირის სახელითვე გამოცხადდება ევროკავშირისთვის მისაღებ მმართველობად და უარესი - მთავარი გზავნილი იქნება, რომ მნიშვნელოვანი არ არის არც ევროპარლამენტის, არც სხვა ევროსტრუქტურების თუ საერთაშორისო აქტორების განცხადებები და პოზიცია, რადგან ოლიგარქი ივანიშვილი ბოლოს მაინც ყველაფერს დაალაგებს. ასევე არ იწვევს ეჭვს - ივანიშვილის უძლეველობის მითის განსამტკიცებლად მძიმედ იქნება ექსპლუატირებული ის გარემოებაც, რომ კომისარი ვარჰეი EPP-დან გარიცხული უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის გუნდის წევრია და პრემიერი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ სწორედ ორბანს შეხვდა და ორბანმა მას (ანუ ივანიშვილს და არა საქართველოს) მხარდაჭერა აღუთქვა.
სამწუხაროდ, გარდაუვალია ამ არაჯანსაღი სამთავრობო პროპაგანდისტული გზავნილების მასიური ცირკულაცია იმ მიზნით, რომ მძიმედ დაზიანდეს როგორც ქართული პროდასავლური საზოგადოება, ასევე საკუთრივ ევროპული ინსტიტუტების ავტორიტეტიც". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.