Foto

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ვინიცაში რუსეთის აგენტი დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა, მრავალსაფეხურიანი სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზვერვის აგენტი, რომელიც რუსებს, ვინიცის რეგიონში, თავდაცვის ძალების განლაგებისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

СБУ-ს ცნობით, გარდა ამისა, აგენტი აგრესორ ქვეყანას კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ზუსტ კოორდინატებსაც გადასცემდა.

როგორც უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაკავებული ყოფილი საბჭოთა სამხედროა, რომელმაც 1990-იანი წლების დასაწყისში ჯარი დატოვა და ვინიცაში ცხოვრობდა.

"სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას, რუსებმა მას უკრაინის წინააღმდეგ სადაზვერვო და დივერსიული მოქმედებების განხორციელებაში „დახმარება“ სთხოვეს. ის დათანხმდა „შემოთავაზებას“, რის შემდეგაც  მტრული დავალებები მიიღო. 

ოკუპანტებმა სწორედ მისი „ხელმძღვანელობით“ დაგეგმეს რეგიონის ენერგოწარმომქმნელ საწარმოებზე მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმების სერიის განხორციელება", - ნათქვამია СБУ-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.