Foto

ვაშაძე - ხელისუფლების არჩევანი რუსეთის მონობა და ლაჩრობაა

თქვენი არჩევანი, ვინც აქ ხართ უმრავლესობის წარმომადგენლები, არის რუსეთის მონობის არჩევანი,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი ვერ მიიღო. 

"დღეს საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე - ან ძლიერი ერთიანი საქართველო ან დამონებული, რუსეთის სატელიტი სახელმწიფო. 

თქვენი არჩევანი, ვინც აქ ხართ უმრავლესობის წარმომადგენლები, არის რუსეთის მონობის არჩევანი, ლაჩრობის არჩევანი და ჩვენი არჩევანი არის ღირსეული, ძლიერი, ერთიანი საქართველოს არჩევანი. 

როცა საუბრობთ დეპოლარიზაციაზე, ჩვენ, ოპოზიციამ, ბოლო ვიზიტის დროს, შემოგთავაზეთ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეგვეძლო კანდიდატის სტატუსი მიგვეღო და ისევ ჩვენკენ იშვერთ ხელს?! 

ის მოღალატეობრივი ქმედებები, რამაც აგვაცილა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და თქვენ ხართ დამნაშავე ამაში",- განაცხადა ვაშაძემ. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხებს.

შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.