Foto

თურქეთის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში ქურთი მებრძოლების ბაზები დაბომბეს

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ქურთი მებრძოლების ბაზებზე ავიადარტყმები განახორციელა. არაოფიციალური ინფორმაციით, სირიის სასაზღვრო ქალაქ კობანში 12 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. 

Reuters-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საჰაერო დარტყმების სამიზნე იყო უკანონო ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) და სირიის ქურთული YPG მილიციის ბაზები, რომლებიც PKK-ის ფრთაა. 

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ აღნიშნული ბაზები გამოიყენებოდა თურქეთზე თავდასხმების განსახორციელებლად.

თურქეთის მთავრობის განცხადებით, 13 ნოემბერს, სტამბოლში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარ აფეთქებაში, რომლის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა, ქურთი მებრძოლები მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ აფეთქებაზე არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.