Foto

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებულ ავიადარტყმებს სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, რაიონში, დაახლოებით, 25 დარტყმა განხორციელდა, დარტყმების ძირითადი სამიზნე კი, ქალაქი კობანი და თურქეთის საზღვართან მისი შემოგარენი იყო.

„გაერო-ს წესდების 51-ე მუხლიდან გამომდინარე, ჩვენი თავდაცვის უფლებების შესაბამისად, საჰაერო ოპერაცია „კლანჭ-მახვილი“ განხორციელდა ერაყისა და სირიის რეგიონებში, რომლებიც გამოიყენება ჩვენს ქვეყანაში თავდასხმების ბაზებად", - აცხადებენ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, თურქეთმა ქურთი მებრძოლების ბაზები ჩრდილოეთ სირიის გარდა, ჩრდილოეთ ერაყშიც დაბომბა. 

თურქეთის მთავრობის განცხადებით, 13 ნოემბერს, სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში სწორედ ქურთი მებრძოლები მონაწილეობდნენ. 

ისტიკლალის გამზირზე, სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 80-ზე მეტი დაშავდა.

გასულ კვირას ბულგარეთში, სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში ბრალდებული 5 ადამიანი დააკავეს. 

აღსანიშნავია, რომ აფეთქებაზე არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.