ირანში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დაწყებიდან, სულ მცირე 58 ბავშვი მოკლეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ადამიანის უფლებათა აქტივისტევის საინფორმაციო სააგენტო (HRANA) ავრცელებს.
HRANA -ის განცხადებით, 16 სექტემბერს საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ 18 წლამდე 46 ბიჭი და 12 გოგონა დაიღუპა.
ამასთან, გასულ კვირას უშიშროების ძალებმა 5 ბავშვი მოკლეს. დაღუპულთა შორის იყვნენ 9 და 13 წლის ორი ბიჭი.
პარასკევს, კიანის დაკრძალვაზე საუბრისას, მისმა ოჯახმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ოჯახის მანქანას, სადაც კიანი მამამისის გვერდით იჯდა.
აღსანიშნავია, რომ თავად ირანის უსაფრთხოების ძალები უარყოფენ არასრულწლოვანის სიკვდილზე პასუხისმგებლობას და სროლაში "ტერორისტებს" ადანაშაულებენ.
„ცხედრები იწვა იატაკზე და ჰაერს დედათა ყვირილი და ტირილი ავსებდა", - აცხადებენ აქტივისტები.
ჰასან დაროფტადემ თქვა, რომ მისი ვაჟი კუმარი ყოველთვის ეუბნებოდა თავის ოჯახს, რომ გაიზრდებოდა "დიდი კაცი", თუმცა ამის ნაცვლად, მათ თქვეს, რომ კუმარი „მოწამე“ გახდა მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა 30 ოქტომბერს დასავლეთ ირანში, მისი მშობლიური ქალაქის, პირანშაჰრის ქუჩებში.
„კუმარი უბრალოდ ქუჩაში იდგა. სიტყვაც კი არ უთქვამს. არ ვიცი, რა სინდისით მოკლეს. იმ ღამეს პროტესტი არ ყოფილა, მაგრამ ჩემი შვილი მოწამეობრივად მოკლეს. ის მხოლოდ პატარა ბიჭი იყო“, - თქვა დაროფტადემ.
გარდა ამისა, უფლებადამცველმა ორგანიზაცია Hengaw-მა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დაწყებიდან ქურთისტანის პროვინციაში 12 ბავშვი დაიღუპა - სამი კი ირანის სპეცრაზმის პატიმრობაში დაიღუპა. დამატებით 200 ქურთი მოზარდი დააკავეს და 300 დაშავდა სამთავრობო ძალების მიერ სროლის შედეგად.
ახალგაზრდები იყვნენ ანტი-რეჟიმის საპროტესტო აქციების სათავეში, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მაჰსა ამინი გარდაიცვალა ირანის მორალის პოლიციის პატიმრობაში. იგი დააკავეს ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო.
მათივე ცნობით, პროტესტის შედეგად დაიღუპა ორი თინეიჯერი გოგონა, ნიკა შაკამარისა და სარინა ესმაილზადე, რომლებსაც სავარაუდოდ უშიშროების ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კიდევ ერთი 16 წლის გოგონა, ასრა პანაჰი, 18 ოქტომბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მას თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალები მის საკლასო ოთახში ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ არდაბილში.
HRANA-ს ცნობით, საერთო ჯამში დაიღუპა სულ მცირე 362 აქტივისტი, მათ შორის 58 ბავშვი, ხოლო 16 000 ადამიანი კი მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბრის შუა რიცხვებში, 22 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც თეირანში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა და ის რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.
პოლიციის მტკიცებით, გოგონა სადგურზე ცუდად გახდა, საიდანაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ამასთან, ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.
შეუჩერებელ აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნის ასამდე ქალაქში იმართება, ოქტომბრის ბოლოსთვის, მხოლოდ თეირანში ბრალი 315 ადამიანს წაუყენეს.
მათ ბრალი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში, ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდაში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედებათ. გარდა ამისა, უფლებადამცველებმა ასევე დემონსტრანტების გატაცებისა და მათ ნათესავებზე ზეწოლის შესახებ განაცხადეს.
ზოგიერთ "აჯანყებულს", სხვა ბრალდებებთან ერთად, ბრალად ედება უკანონო იარაღის ტარება, სამართალდამცავების დაჭრა და საზოგადოებრივი და სამთავრობო ქონების განადგურება და ქვეყნის უსაფრთხოებისა და ისლამური სისტემის დაპირისპირების მიზნით ცეცხლის წაკიდება.
გარდა ამისა, თეირანის სასამართლომ მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილესეებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press