Foto

თეა წულუკიანი - იმედს გამოვთქვამ, რომ პრეზიდენტის უარყოფითი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებაზე არ შეცვლილა

იმედს გამოვთქვამ, რომ მისი უარყოფითი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა, - ასე ეხმაურება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და მოსამართლისთვის ვინმემ გადაწყვეტილების კარნახი არ უნდა განიზრახოს.

"ყურადღებით მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება. რასაკვირველია, საინტერესოა, რას ფიქრობს ის, რადგან მოგეხსენებათ, შეწყალების კომპეტენცია მხოლოდ მას აქვს. ეს არის მისი სრული დისკრეცია და ვიცით, რომ მისი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი იყო ხოლმე. იმედს გამოვთქვამ, რომ მისი უარყოფითი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა... 

გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო არის დამოუკიდებელი და დაე, ნურავინ, მათ შორის ნურც საქართველოს პრეზიდენტი, ნუ განიზრახავს, რომ რამე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს მოსამართლეს იმიტომ, რომ მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის,კ რა გადაწყვეტილება მიიღოს ერთი მიზეზის გამო, მას წინ უდევს დოკუმენტები. ეს დოკუმენტები ჩვენ არავის არ გვიდევს წინ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".