Foto

ზელენსკი - ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ და სანამ რაკეტები ექნებათ, არ დამშვიდდებიან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ მომავალი კვირა შეიძლება რთული იყოს, რადგან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას გეგმავს.

ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მოქალაქეებს ერთმანეთის დახმარებისკენ მოუწოდა.

"ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ და სანამ რაკეტები ექნებათ, ისინი არ დამშვიდდებიან, მაგრამ ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს - მოხუცები, ბავშვებიანი ოჯახები, მათ, ვისაც სახლები და ნათესავები წაართვა ომმა... - ჩვენი ურთიერთდახმარება დაცვის ერთ-ერთი ელემენტია. ტერორის წინააღმდეგ და ჩვენი სიძლიერის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შემდეგი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორც გასული კვირა.

"ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება. ჩვენ ყველა სცენარზე ვმუშაობთ, მათ შორის პარტნიორებთან ერთად", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 23 ნოემბერს რუსეთმა კიდევ ერთხელ განახორციელა სარაკეტო შეტევა უკრაინაზე. ეროვნული პოლიციის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლი გახდა 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დაშავდა კიდევ 52 ადამიანი.

დაიბომბა კიევის, ვინიცას, ლვოვისა და ზაპოროჟიეს რაიონებში საცხოვრებელი კორპუსები, თბოელექტროსადგურები და ელექტროქვესადგურები. საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 5 თვითმფრინავი.

ბევრი რეგიონი ელექტროენერგიის, წყლის, სითბოს მიწოდებისა და კომუნიკაციების გარეშე დარჩა.