Foto

სააკაშვილისთვის მიუღებელია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც პოლიტიკაში მის ჩართულობას ემსახურება - ხერხეულიძე

ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართულობას ემსახურება, მისთვის არის მიუღებელი,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილი სთხოვს ყველას, რომ უგულშემატკივრონ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არა პოლიტიკაში ჩართულობას. 

"მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, არის ერთმნიშვნელოვანი და მან ამის შესახებ ადვოკატების მეშვეობით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს პოლიტიკიდან დისტანცირება და აუცილებელია ყველა ვინც მას გულშემატკივრობს, უგულშემატკივროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამკურნალოდ გაყვანას. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართულობას და დაკავშირებას, ნებისმიერი ასეთი მცდელობა მიხეილ სააკაშვილისთვის არის მიუღებელი, ის სთხოვს ყველა გულშემატკივარს, უგულშემატკივროს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არა მის პოლიტიკაში ჩართულობას,"- განაცხადა ხერხეულიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს, 15:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით,  "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია გაიმართება, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა.