Foto

პუტინი ფიქრობს, რომ თავისი მოქალაქეები საქართველოში, მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ - მიხაილო პოდოლიაკი

პუტინი ფიქრობს, რომ თავისი მოქალაქეები საქართველოში, მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, რუსული პროპაგანდა იძირება და ჯიბის ჟურნალისტები, მათ შორის სოლოვიოვი ვერ აცნობიერებენ რომ პოტენციურად სამუდამო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვთ.

„რუსული პროპაგანდა იძირება. ჯიბის ჟურნალისტები, მათ შორის სოლოვიოვი ვერ აცნობიერებენ, რომ პოტენციურად სამუდამო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვთ. როდესაც რუსეთი დამარცხდება - ეს ადამიანები ტრიბუნალის წინაშე წარსდგებიან. ისინი კრემლის პოზიციას ახმოვანებენ და ადამიანებს მოუწოდებენ, უკრაინაში წავიდნენ და დაიღუპონ. რუსეთის ფედერაციას ის სამხედროები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, არაფერში სჭირდება. ზუსტად მსგავსი დამოკიდებულება აქვს თავის მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან, დაახლოებით, 120 მილიონ ადამიანთან. პუტინი ფიქრობს, რომ ეს ადამიანები უნდა წავიდნენ და საქართველოში, ან მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ. მოსახლეობის ამ ნაწილს სხვა ფუნქცია ვერ მოუფიქრეს“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა აგრესიაზე პასუხი უნდა აგოს, რისთვისაც სპეციალური ტრიბუნალია საჭირო.

ამასთან, სექტემბერში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსეთის დანაშაულებებისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხს განიხილავს.

ოქტომბრის დასაწყისში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში საჯარო დებატების "ომი და კანონი" მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ, რათა რუსეთის ხელმძღვანელობა ომის გაჩაღებისთვის დაისაჯოს.

21 ნოემბერს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ ქვეყნად აღიარა.

დელეგატებმა ასევე მოითხოვეს რუსეთის ფედერაციის დანაშაულებებისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა.