Foto

რუსეთის წარმოებულ ომს, 24 თებერვლიდან დღემდე, 13 000-მდე უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა

24 თებერვლიდან რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში 13 000-მდე სამხედრო ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს. 

პოდოლიაკი გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის არმიის დანაკარგები 100 000 ჯარისკაცს შეადგენს და აღნიშნა, რომ ურსულა ფონ დერ ლეიენმა შეცდომა დაუშვა. 

"ჩვენ გვაქვს გენერალური შტაბის ოფიციალური შეფასებები, არის ოფიციალური შეფასებები, რასაც ამბობს უმაღლესი მთავარსარდალი. ისინი 10-დან 12,5-13 ათასამდე დაღუპულს აღწევს. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ დაღუპულთა რაოდენობაზე", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში "მეტი დანაკარგია დაზიანებების გამო".

პოდოლიაკმა დასძინა, რომ თუ რაოდენობაში მოვიაზრებთ მშვიდობიან მოსახლეობას, მაშინ მსხვერპლი 20 ათასზე მეტია, ვინაიდან რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის. 

ცნობისთვის, 30 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში „მოიტანა სიკვდილი, განადგურება და უხილავი ტანჯვა“. ამავე დროს, მან აღნიშნა , რომ უკრაინაში დაიღუპა 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000 ჯარისკაცი.

მოგვიანებით, ევროკომისიამ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და ეს ინფორმაცია წაშალა.