Foto

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს - დაშავდა 3 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონის 2 სოფელი დაბომბეს, რა დროსაც 3 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე სტარუხი ავრცელებს.

სტარუხის თქმით, ოკუპანტებმა დარტყმა S-300 სისტემებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან განახორციელეს.

„ბევრი მსხვერპლი და ნგრევა შეიძლებოდა ყოფილიყო, თავდაცვის ძალებს რომ არ ჩამოეგდოთ ათეული უპილოტო საფრენი აპარატი“,- განაცხადა სტარუხმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთ სოფელში 2 სახლი დაინგრა და 8 დაზიანდა. ცნობილია სამი დაჭრილის შესახებ, მათ შორისაა 15 წლის გოგონა. მეორე სოფელში კი, აფეთქების შედეგად ერთი სახლი დაინგრა, კიდევ 10 დაზიანდა. 

შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ნოვოსოფიივკაში დამპყრობლების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რუსული დაბომბვის შედეგად 1 წლის და 10 თვის მცირეწლოვანიც დაიჭრა.