Foto

ხაჭაპურიძე - სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა

პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, "ის, რაც მოხდა დღეს საქალაქო სასამართლოში, სტალინსაც კი არ გაუკეთებია".

"ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არათუ მოიყვანეს, არც კი ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა", - თქვა ხაჭაპურიძემ და ჟურნალისტებს წაუკითხა მესამე პრეზიდენტის წერილი, რომელშიც ნათქვამია:

"დღეს, უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე - დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა. ამიტომ, იძულებული ვარ, მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ  მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს".

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო. 

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" მას დასწრების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტის დისტანციურ რეჟიმში ჩართვა არ უზრუნველყო.