Foto

ელისაშვილი სააკაშვილზე - ადრე რომ დილეგში ჩააგდებდნენ ადამიანს და მომკითხველი არ ჰყავდა, ასეთ ეპოქაში ხომ არ ვცხოვრობთ?

თუ არ გაქვს რაღაც დასამალი, მაშინ გახსენი ეს პროცესი და ნებისმიერ დაინტერესებულს მიეცი საშუალება, რომ მართლა ვნახოთ, როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული ყველა ეჭვი გაქარწყლდეს.

"მიეცი ეს საშუალება ყველას და ყველანაირი ეჭვი, რომ სააკაშვილს წამლავენ და ა.შ. უნდა გაქარწყლდეს, თუ მართლა არ წამლავენ და მართლა არ უნდათ, რომ შეგნებულად სიკვდილამდე მიიყვანონ... ადრე რომ დილეგში ჩააგდებდნენ ადამიანს და მომკითხველი არ ჰყავდა, ასეთ ეპოქაში - ფეოდალურ ხანაში ხომ არ ვცხოვრობთ? ეჭვები ჩნდება იქ, სადაც რაღაც არის დამალული და სადაც არის რაღაც დაფარული... დღეს რომ აღმოვაჩინეთ, რომ თურმე უი, ლეპტოპი არ ჰქონიათ, უი, ტექნიკურად ვერ ჩართეს - რას ჰქვია, ტექნიკურად ვერ ჩართეს?! ეს არის თავის აგდება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო. 

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" მას დასწრების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტის დისტანციურ რეჟიმში ჩართვა არ უზრუნველყო.