ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ესტონელი ევროდეპუტატისა და საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებლის, სვენ მიქსერის ანგარიშის მიხედვით მომზადდა.
ევროპარლამენტმა რეზოლუციას კენჭი შესწორებებით უყარა და 608 ევროპარლამენტარიდან მას მხარი 430-მა დაუჭირა, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.
ევროპელი დეპუტატები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ევროპის საბჭოს კი სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში პირველადაა მოხსენიებული არა "ყოფილ პრემიერმინისტრად", არამედ "ოლიგარქად".
"ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს. საქართველოსთვის ამის გადაწყვეტა აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ევროპარლამენტის რეკომენდაციებით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სისტემური გზით, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში",- აღნიშნულია განცხადებაში.
რეზოლუციის კიდევ ერთი ადრესატი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მას სთხოვენ, "გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება" მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ასევე შეიწყალოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
"ამ კუთხით რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას და სხვა მედიების (როგორიცაა ფორმულა, TV პირველი) მენეჯერებისა და დამფუძნებლების საქმეებზე. ევროპარლამენტი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი საეჭვო ბრალდებებზე, მიუხედავად საქმის მიმართ წამოჭრილი მნიშვნელოვანი კითხვებისა",- ვკითხულობთ ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს შესწორებებით მხარი 8 ნოემბერს დაუჭირა.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოამზადა შესწორებები.
ამასთან, გუშინ 13 დეკემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტმა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. მათ ასევე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press