Foto

ავღანეთში, გვირაბში საწვავის ტანკერის აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე სალანგის გვირაბში საწვავის ტანკერი აფეთქდა. The Guardian-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 32 დაშავდა.

ფარვანის პროვინციის სპიკერის, საიდ ჰიმატულა შამის განცხადებით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. მისივე თქმით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი, რის გამოც, სპიკერი გარდაცვლილთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს.

კიდევ ერთი ადგილობრივი ოფიციალური პირი, დოქტორი აბდულა ავღანი ამბობს, რომ დაღუპულთა ნაწილის იდენტიფიცირება, მძიმე დამწვრობების გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია და გვირაბის გასასუფთავებლად მუშაობა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ გვირაბი, სადაც აფეთქება მოხდა, ქაბულიდან 130 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და ერთმანეთთან ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთს აკავშირებს.