Foto

კირთაძეს უშენენ კვერცხებს მაშინ, როდესაც ბრეგაძე მშვიდად დგას და გამოცხადებული სიკვიდილის ქრონიკას გვიკითხავს - მელია

ბედავენ და გიორგი კირთაძეს უშენენ კვერცხებს მაშინ, როდესაც რატი ბრეგაძე მშვიდად დგას და გამოცხადებული სიკვიდილის ქრონიკას გვიკითხავს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ბათუმში ცოტა ხნის წინ მომხდარ შემთხვევას.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, პროვოკაციები სახიფათო და სასწრაფოდ დასასრულებელია.

"მორიგი პროვოკაცია ბათუმში - სრულიად ამაზრზენი და წარმოუდგენელია, რაც ვნახეთ პირდაპირ ეთერში - გიორგი კირთაძის ჩართვისას. გიორგი კირთაძე არის ახალი ტიპის ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლო არჩევნებში ბათუმში დაამარცხა „ქართული ოცნება“. გიორგი სარგებლობს დიდი მხარდაჭერით და საზოგადოებაში მის მიმართ არანაირი აგრესია არ არსებობს, ობიექტურად მის მიმართ ვერავის ექნება  ვერანაირი წყენა ან შუღლი.

ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს მაშინ, როდესაც რატი ბრეგაძე მშვიდად დგას და გამოცხადებული სიკვიდილის ქრონიკას გვიკითხავს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან. სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო და სწორედ ეს არის სასწრაფოდ დასასრულებელი!" - წერს ნიკა მელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვისას თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.