Foto

ლვოვის მერი - ეს დაბადების დღე, შესაძლოა, ბოლო იყოს სააკაშვილის ცხოვრებაში

შეიძლება საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე, შესაძლოა, ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში,- ამის შესახებ ლვოვის მერი ანდრეი სადოვოი Facebook-ზე წერს.

სადავოის თქმით,  უღირსი საქციელია ციხეში ამყოფო ის, ვინც საქართველო "საბჭოთა კავშირის უფსკრულიდან" გამოიყვანა.

„შეიძლება საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე, შესაძლოა, ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე წელიწადზე მეტია ციხეშია.

მისი ციხეში ყოფნის პირობების შესახებ დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ ფოტოებიდან და ვიდეოებიდან, რომლებიც ასახავს მის მდგომარეობას. ყველაფერი ძალიან ცუდადაა.

როცა სააკაშვილზე ვფიქრობ, კახა ბენდუქიძეც მახსენდება, რომელიც „ქართული სასწაულის“ განუყოფელი ნაწილი იყო. ამ გუნდმა ერთად გააკეთა ის, რაც ყოველთვის გვაკლდა უკრაინაში. ისინი კონკრეტულ გეგმას მისდევდნენ, მათ ძალიან უყვარდათ თავისი ქვეყანა, ყველაფერი შეცვალეს და რეფორმები გაატარეს.

დღეს ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ომი მოსკოვის რეჟიმთან, მაგრამ მეგობრებს გასაჭირში ვერ დატოვებთ. ის, რასაც ახლა უკეთებენ სააკაშვილს, სირცხვილია მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის. უღირსი საქციელია ციხეში ამყოფო ის, ვინც საქართველო საბჭოთა კავშირის უფსკრულიდან გამოიყვანა. მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს და ყველა იმ საზოგადო მოღვაწეს, ვინც დღეს იხსენებს და საუბრობს მიხეილზე. ის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვივიწყებს, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ის დავივიწყოთ. მჯერა, რომ აუცილებლად შევხვდებით! დაბადების დღეს გილოცავ მეგობარო!”,- წერს სადოვოი.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

კომისიის დასკვნის შემდეგ, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე 9 დეკემბერს უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო.

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა არ ჩართო.