Foto

პოდოლიაკი - შეერთებული შტატები უკრაინას ცალსახად უჭერს მხარს

ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი საბოლოოდ უსვამს წერტილს რუსული მხარის მცდელობებს დაამტკიცოს, თითქოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ცივდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი და ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა საშუალებას მისცემს, ახსნას უკრაინაში არსებული რეალური ვითარება, რა იარაღი სჭირდება კიევს მოსკოვთან საბრძოლველად და რატომ სჭირდება ისინი.

„პირველ რიგში, როგორც თავად ვიზიტი, ისე დაგეგმილი შეხვედრების დონე ცალსახად მეტყველებს ქვეყნებს შორის ნდობის მაღალ ხარისხზე. მეორე, ეს საბოლოოდ უსვამს წერტილს რუსული მხარის მცდელობებს დაამტკიცოს, თითქოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ცივდება. ეს, რა თქმა უნდა, ახლოსაც არ არის რეალობასთან. შეერთებული შტატები უკრაინას ცალსახად უჭერს მხარს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, ვიზიტი გაააქტიურებს სამხედრო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს, გაზრდის ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ უფრო მობილიზებას და უფრო ნათლად დახატავს მომავლის სურათს იმ შემთხვევაში, თუ ომი სწორად არ დამთავრდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით გამოსვლა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე.