პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, არ უნდა ჩაგვითრიოს შურისძიების მორევმა, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი,- 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ისევე, როგორც ნებისმიერი პატიმრის, წამებით მოკვდინება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამასთან, მის მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები.
"როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის, ისე ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხდება და პროცესი წამებით სიკვდილით დასრულდება.
ჩვენ არ განვიხილავთ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხს. ჩვენ ვამბობთ: კონსტიტუციით სიკვდილით დასჯა აკრძალულია, ისევე როგორც წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ეს ასევე გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ნორმებიდან. პრეზიდენტ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, წამებით მოკვდინება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამასთან, ვინაიდან პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ, მისი ღირსების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფაზე პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფო ხელისუფლებას ეკისრება.
პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები. ფატალური შედეგი, არა მხოლოდ გააღრმავებს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლარიზაციას, არამედ მოსპობს მისი უახლოვეს მომავალში გადალახვის შანსსაც კი. გასათვალისწინებელია, რომ ქართულმა საზოგადოებამ დღემდე ვერ მოიშუშა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი მოკვდინების ტრავმა.
გაღრმავდება კითხვები საერთაშორისო თანამეგობრობაშიც: არიან კი ქართველები იმ ერთა სიაში, რომლებიც პატივს სცემენ კანონის უზენაესობის პრინციპებს და ძალუძთ დემოკრატიულად ხელისუფლებების მშვიდობიანი ცვლა და პოლიტიკური დევნის გარეშე თანაარსებობა. და ბოლოს, დღეს ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი - უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიიის წინააღმდეგ. როგორი იქნება ისტორიული ვერდიქტი ჩვენს მიმართ, თუ ქართული სახელმწიფო, ამ ისტორიულ დღეებში, მიხეილ სააკაშვილს, პუტინის “პირად მტერს”, ციხეში წამებით მოკლავს?
შესაბამისად, მაღალკვალიფიციური კომისიების დასკვნით, პრეზიდენტ სააკაშვილის არსებულ მდგომარეობაში დატოვება არის მისი წამებით მოკვდინების აქტი, რაც არის უკანონობა, დანაშაული და საერთაშორისოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა რაც შეუქცევადად დააზიანებს ქვეყნის სტაბილურობას, საერთაშორისო იმიჯსა და ჩვენს ისტორიულ პერსპექტივას.
ამიტომ, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, არ უნდა ჩაგვითრიოს შურისძიების მორევმა; ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. იგი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში. ეს არის ზეპარტიული მიზანი. ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე. მოგიწოდებთ ამ მიზნით გაერთიანებას!" - ნათქვამია წერილში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press