Foto

საპატრიარქო - უცნობი პირები უკავშირდებიან მოქალაქეებს და ფონდისთვის თანხას სთხოვენ

უცნობი პირები მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას ფონდისთვის,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, გარკვეული პირები ეკლესიის სახელის გამოყენებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

„ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა ისეთი შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახლად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისთვის.

რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ეკლესიის სახელის გამოყენებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

გთხოვთ, ასეთი ფაქტების დაფიქსირებისა და შეტყობინების მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლვ გვაცნობოთ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება და მსგავსი გაურკვევლობის აღმოფხვრა“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.