Foto

სტოლტენბერგი - რუსეთი იმედოვნებს ომის „გაყინვას“, რათა გადაჯგუფებისთვის დრო ჰქონდეს

ომი ვლადიმერ პუტინმა დაიწყო და მას დღესაც შეუძლია დაასრულოს ის უკრაინიდან გასვლით, - ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სტატიაში, რომელიც Financial Times-ში გამოქვეყნდა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, კრემლის ქმედებები აჩვენებს, რომ რუსეთს სურს, ომის "გაყინვა", რათა მოახერხოს გადაჯგუფება, გადაიარაღება და შემდეგ გაანახლოს შეტევა. 

”რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა ჰქონდეს დრო გადაჯგუფებისთვის, ძალების გადაიარაღებისა და შეტევის განახლების მცდელობისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიწყოს ჯარების გაყვანა შობამდე, როგორც პირველი ნაბიჯი კონფლიქტის დასრულებისკენ, მაგრამ მოსკოვმა კატეგორიულად უარყო ეს წინადადება. ომი სწორედ პუტინმა დაიწყო და მას დღესაც შეუძლია დაასრულოს ის უკრაინიდან გასვლით. ახლა არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობა", - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

გენერალური მდივნის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, რათა ქვეყანამ, როგორც სუვერენულმა ევროპულმა სახელმწიფომ, გადარჩენა შეძლოს.

"თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება სიგნალი რუსეთისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ ის, რაც სურთ. ეს იქნება კატასტროფა უკრაინისთვის. ასევე, ეს გახდის მთელ მსოფლიოს უფრო საშიშს და ჩვენ ყველას უფრო დაუცველს", - ამბობს სტოლტენბერგი.