Foto

უკრაინის პრეზიდენტი - დონბასში ოკუპანტები იყენებენ ყველა რესურსს, რომ მცირეოდენ წინსვლას მაინც მიაღწიონ

დონბასში ოკუპანტები იყენებენ ყველა რესურსს, რომ მცირეოდენ წინსვლას მაინც მიაღწიონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ბახმუტში, კრემინასა და დონბასის სხვა ტერიტორიებზე ვითარება რთულია. 

"ბახმუტი, კრემინა და დონბასის სხვა ტერიტორიები მაქსიმალურ ძალასა და კონცენტრაციას საჭიროებენ. იქ სიტუაცია რთულია. ოკუპანტები იყენებენ ყველა რესურსს იმისთვის, რომ მცირეოდენ წინსვლას მაინც მიაღწიონ.

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ბიჭს, ვინც მტკიცედ იკავებს პოზიციებს, ძლიერად დგას და პოულობს შესაძლებლობებს, რომ არა მხოლოდ არაფერი დაკარგოს, არამედ განდევნოს ოკუპანტები ჩვენი ტერიტორიებიდან", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.