Foto

ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა სამთავრობო შენობები დაარბიეს - დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი

ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერები პარლამენტში, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობასა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. აღნიშულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შტურმის შედეგად დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა სამთავრობო შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

Reuters-ის ცნობით, პროტესტის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ფანჯრებიდან გადაყარეს ავეჯი, კონგრესის შენობის ნაწილი დატბორეს, ხოლო უზენაეს სასამართლოში ოთახები დაარბიეს.

აჯანყებამ, რომელიც სამ საათზე ცოტა ხანს გაგრძელდა, ხაზი გაუსვა ძლიერ პოლარიზაციას, რომელიც ჯერ კიდევ იპყრობს ქვეყანას მემარცხენე პრეზიდენტის ლუის ინასიო ლულა და სილვას ინაუგურაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომელმაც დაამარცხა ბოლსონარო ოქტომბრის არჩევნებში.

 პრეზიდენტ, ლუის ინასიუ ლულა და სილვას თქმით, ამ დარბევაში მონაწილე ყველა პირი აუცილებლად დაისჯება.

„ამ ვანდალებმა, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ ფანატიკოსი ფაშისტები, გააკეთეს ის, რაც არასდროს გაკეთებულა ამ ქვეყნის ისტორიაში. ყველა ეს ადამიანი, ვინც ეს ჩაიდინა, დაისჯება“,- განაცხადა ლულამ.

ბრაზილიის გუბერნატორის თქმით, 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში, 30 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მემარცხენე ლუის ინასიო და სილვამ გაიმარჯვა. 77 წლის სილვამ მოქმედი პრეზიდენტი, ულტრა-მემარჯვენე, 67 წლის ჟაირ ბოლსონარო დაამარცხა.

8-წლიანი პრეზიდენტობისა და 9-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ, ეს განსაცვიფრებელი დაბრუნება იყო იმ პოლიტიკოსისთვის, რომელმაც 2018 წელს ჩატარებულ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, ციხეში ყოფნის გამო, მონაწილეობა ვერ მიიღო.

ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელსაც 5 წაყენებული ბრალდებიდან მხოლოდ ერთი - კორუფციის ბრალდება დაუმტკიცდა, 2016 წლის მარტის დასაწყისში დააკავეს, 2017 წლის ივლისში კი გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს. სილვამ ციხეში 580 დღე გაატარა, მის მიმართ წაყენებული ბრალდების ანულირების შემდეგ კი, პოლიტიკურ ბრძოლას დაუბრუნდა.