Foto

რომის პაპი ირანელი დემონსტრანტების სიკვდილით დასჯას გმობს

რომის პაპმა ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ირანელი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასიკვდილო სასჯელის გამოყენება დაგმო.

პაპი ფრანცისკეს განცხადებით, სიცოცხლის უფლება ილახება იქ, სადაც სიკვდილით დასჯა კვლავ გრძელდება.

„სიცოცხლის უფლება ილახება იქაც, სადაც სიკვდილით დასჯა კვლავ გრძელდება, როგორც ეს ახლა ხდება ირანში. დემონსტრანტები ქალების ღირსების პატივისცემას ითხოვენ. სასიკვდილო სასჯელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სავარაუდო სახელმწიფო მართლმსაჯულებისთვის, რადგან ის არ წარმოადგენს შემაკავებელ ფაქტორს და არ ახორციელებს სამართლიანობას მსხვერპლთა მიმართ, არამედ მხოლოდ შურისძიების წყურვილს აღძრავს“,- განაცხადა რომის პაპმა.

ცნობისთვის, 7 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის ხელისუფლებამ ორი მამაკაცი - 22 წლის მოჰამად მეჰდი კარამი და 39 წლის მოჰამად ჰოსეინი, ანტისამთავრობო აქციების დროს, უსაფრთხოების ძალების წევრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და ჩამოახრჩო. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირანის ხელისუფლება აქციის მონაწილეებს სიკვდილით სჯის. Amnesty International-ი ირწმუნება, რომ სულ მცირე 26 ირანელს ასევე სიკვდილით დასჯა ემუქრება.

ირანი საპროტესტო აქციებმა მოიცვა მას შემდეგ, რაც ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა. ამინი 13 სექტემბერს, ოჯახთან ერთად გადაადგილებისას, ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევისთვის დააპატიმრეს, რასაც მისი კომაში ჩავარდნა და 16 სექტემბერს გარდაცვალება მოჰყვა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ნადა ალ-ნაშიფის ცნობით, პოლიციელებმა იზოლატორში ამინი ხელკეტებით სცემეს და თავი მანქანაზე არტყმევინეს. პოლიციამ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ 22 წლის ქალს "მოულოდნელი გულის შეტევა დაემართა".

მაჰსა ამინის სიკვდილს დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის ბევრ სხვა რაიონში ხალხმრავალი დემონსტრაციები მოჰყვა. თავდაპირველად, პროტესტი ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებულ კანონებს ეხებოდა, შემდეგ კი, აქტივისტები ირანის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, თეირანმა ათასობით აქტივისტი დააკავა, ასობით ადამიანი კი, პოლიციის მიერ ძალადობას ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ კანონი, რომლის დარღვევაშიც ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი დაადანაშაულა, ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მიიღეს.