Foto

ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც ციხეში ზის, არის პრობლემა - ჰოჯესი

ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც ციხეში ზის, თუ მას არა აქვს ჩადენილი რაიმე აშკარა კრიმინალი, არის პრობლემა,- ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ჟურნალისტს პოლიტიკური მიზეზებით თუ აპატიმრებენ, ამის გამო, შეშინებული უნდა იყვნენ სხვა ჟურნალისტებიც.

"ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე, ასევე იმაზე, თუ რატომ მგონია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ყირიმსაც გაათავისუფლებს მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის. ასევე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონზე, რომლის მნიშვნელობა დღეს შეერთებულ შტატებში უკეთ ესმით, რადგან მას აქვს სტრატეგიული ღირებულება ევროპისა და ამერიკისთვის.

ასევე ვისაუბრეთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე, თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელისუფლებას უნდა აკონტროლებდეს, რომ ქართველებს ჰქონდეთ საკუთარი ინსტიტუტების ნდობა. საფრთხე რუსეთიდან ახლა არ არის სამხედრო ხასიათის, ის უფრო იმაში მდგომარეობს, რომ აქ საზოგადოებაში მოსკოვმა ინფილტრაცია მოახდინა და მასზე გავლენას ახდენს. ამიტომ, საუკეთესო გზა, რომ ქართველებმა თავი დაიცვან, არის ძლიერი ლიბერალური დემოკრატია.

აშშ-ს კონსტიტუციაში წერია, რომ პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ამიტომ, ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც ციხეში ზის, თუ მას არა აქვს ჩადენილი რაიმე აშკარა კრიმინალი, არის პრობლემა. თუ ჟურნალისტს ციხეში სვამენ პოლიტიკური მიზეზებით სხვა ჟურნალისტებზეც ახდენს ეს გავლენას.

მე არ მესმის, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში. ჩემთვის ეს გაუგებარია. საქართველო თავადაც მოგებული დარჩება, როდესაც ეს ომი რუსეთის დამარცხებით დასრულდება და არ მესმის, რატომ უნდა ამ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე",- განაცხადა ჰოჯესმა.