Foto

დავითულიანი - შესყიდული შეიარაღების უკან გადაცემის ასეთი უხეში ტონით მოთხოვნას, რა ჰქვია არ ვიცი

როდესაც ქვეყანას, რომლის ტერიტორიებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ჯიქურად "აწვები" და სთხოვ სამხედრო შეიარაღებას, ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი, "ბუკის" საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

დავითულიანის შეფასებით, უკრაინამ საქართველოს "ასეთივე უხეში ტონით" გენერატორები, მანამდე კი, "სხვა რაღაცებიც" მოსთხოვა და როგორც დეპუტატი ამბობს, ურთიერთობის მიზანმიმართულად გაფუჭების შემდეგ რაღაცის ჩუქებაზე მოთხოვნა "დაწერებაა" და "არავინ არაფერს არ დაიწერს".

"როდესაც ქვეყანას, რომლის ტერიტორიებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ასე ჯიქურად "აწვები" ყოველდღე და სთხოვ მათ შორის სამხედრო შეიარაღების გადაცემას, რომელიც მას ძალიან ცოტა აქვს, ჩემი აზრით, ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი... შესყიდული შეიარაღების უკან გადაცემის ასეთი უხეში ტონით ისევე, როგორც მანამდე გენერატორებისა და მანამდე სხვა რაღაცების მოთხოვნა, მე არ ვიცი, ამას რა ჰქვია. როცა კარგი ურთიერთობა გაქვს მეორე სახელმწიფოსთან, შეიძლება მას სთხოვო. ურთიერთობას როდესაც მიზანმიმართულად აფუჭებ, მერე "აწვები" რომ რაღაცას რატომ არ მჩუქნი, ამას ჰქვია "დაწერება". ბოდიში მომითხოვია და არავინ არაფერს არ "დაიწერს", - ამბობს მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა. მისი თქმით, უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც, თუმცა საქართველომ სამხედრო დახმარებაზე უარი განაცხადა.

კასიანოვის განცხადებას დღეს, 10 იანვარს თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ „ბუკ“-ის სისტემები საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების ცნობით, აღნიშნული სამხედრო შეიარაღება თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო.