Foto

მაჭარაშვილი - ჩვენ გვინდა ევროპასთან, ამერიკასთან ურთიერთობა, მაგრამ არა საქართველოს სუვერენიტეტისა და ომის ხარჯზე

ყველამ დაიოკოს თავისი ემოციები და თუ არ იცის სწორი სურათი, კომენტარს მაინც ნუღარ გააკეთებს, - ასე აფასებს ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას.

მაჭარაშვილის თქმით, ქვეყნისთვის საინტერესო არ არის, ვინ რას ხედავს უცხოეთიდან, რადგან მთავარი საზოგადოების აზრია.

"ეს ჩვენი პრობლემა არ არის, ვინ რას ხედავს და ვის როგორი მხედველობა აქვს, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. მთავარია, რომ საქართველოს საზოგადოება ხედავს იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში და სწორი პოლიტიკა აქვს არჩეული ხელისუფლებას, საზოგადოებას რაც მთავარია, რომ ჩვენ გვინდა ცივილიზაციასთან, ევროპასთან, ამერიკასთან ურთიერთობა, მაგრამ არა საქართველოს სუვერენიტეტის ხარჯზე, არა ომის ხარჯზე.

ყველამ დაიოკოს თავისი ემოციები და თუ არ იცის სწორი სურათი, კომენტარს მაინც ნუღარ გააკეთებს. ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო ვინ რას ხედავს და ვინ რას არ ხედავს უცხოეთიდან, მითუმეტეს არასამართლიანად",- განაცხადა მაჭარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა საქართველოზე საუბრისას განაცხადა, არ არსებობს რისკი ომში ჩართვისა, მაგრამ მნიშვნელოვანია, საქართველო დადგეს ისტორიის სწორ მხარეს. 

მისივე თქმით, ქვეყანაში ჟურნალისტს პოლიტიკური მიზეზებით თუ აპატიმრებენ, ამის გამო, შეშინებული უნდა იყვნენ სხვა ჟურნალისტებიც.