Foto

გონჩარენკო - „ქართული ოცნების“ ლოგიკით 50 პარტნიორი ქვეყანა, რომელიც იარაღს გვიგზავნის რუსეთთან ომშია ჩართული

"2008 წელს როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, უკრაინა საქართველოს არა ცარიელი სიტყვებითა და ფუჭი საუბრით, არამედ იარაღით დაეხმარა და უკრაინის პრეზიდენტი თბილისში ჩამოფრინდა, სადაც რუსული ტანკები მოდიოდნენ.", - განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ.

მისივე თქმით, 15 წლის შემდეგ იმაზე საუბარი რომ საქართველოსთვის გადაცემული ბუკის საზენიტო სისტემები გაფუჭებული იყო, სირცხვილია და თუ ეს სიმართლეა 11 წელია ხელისუფლებაში არიან და აქამდე ამის შესახებ არაფერი უთქვამთ.

მან დასძინა, რომ უკრაინას 50 პარტნიორი ქვეყანა უგზავნის იარაღს, ქართული ოცნების მთავრობა კი ამბობს, რომ უკრაინის იარაღით დახმარება ომში ჩართვას ნიშნავს, ამ ლოგიკით კი 50 ქვეყანა, რომელიც იარაღით ამარაგებს უკრაინას რუსეთთან ომშია ჩართული.

"2008 წელს როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, უკრაინა საქართველოს არა ცარიელი სიტყვებითა და ფუჭი საუბრით, არამედ იარაღით დაეხმარა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოფრინდა და თბილისის ცენტრალურ მოედანზე იდგა, ამ დროს კი რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ.

უკრაინაში ძალიან ბევრი რუსული იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკოსი იყო, თუმცა რუსეთის არავის შეშინებია. ფაქტი ერთია - უკრაინა საქართველოს იარაღით დაეხმარა. უკვე 11 თვეა უკრაინაში ბარბაროსული ომი მიმდინარეობს, საქართველოს მთავრობას კი  ჩვენთვის 1 ცალი ვაზნაც არ გამოუგზავნია. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არაფრით დახმარებია. ეს არის განსხვავება უკრაინის მაშინდელ ხელისუფლებსა  და საქართველოს დღევანდელ მთავრობას შორის.

15 წლის შემდეგ იმაზე საუბარი რომ საქართველოსთვის გადაცემული ბუკის საზენიტო სისტემები გაფუჭებული იყო, სირცხვილია. თუ ეს სიმართლეა აქამდე სად იყვნენ?! 11 წელია ხელისუფლებაში არიან, ახლა გაახსენდათ?! ხმას რატომ არ იღებდნენ. არ უნდა დააფურთხო იმ ხელებს, საიდანაც იკვებები! იარაღით ყველა პარტნიორი ქვეყნის მთავრობა გვეხმარება, გარდა მოძმე ქვეყნისა - საქართველოსი. ქართული ოცნების მთავრობა ამბობს, რომ უკრაინის იარაღით დახმარება ომში ჩართვას ნიშნავს. მათი ლოგიკით გამოდის რომ 50 პარტნიორი ქვეყანა, რომელიც იარაღის გვიგზავნის რუსეთთან ომშია ჩართული. ეს არის სიცრუე და სიყალბე. ლოგიკას მოკლებული და ქართველი ერისთვის შეუფერებელი არგუმენტია", - განაცხადა გონჩარენკომ.