Foto

უკრაინის პრეზიდენტი სოლედარის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ქალაქ სოლედარის აღების შესახებ რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტი ქვეყანა სოლედარს მიღწევად წარმოადგენს ერთი მიზნით - რუსეთის მოქალაქეებმა, ვინც აგრესიას ემხრობა, შემდგომ მობილიზაციას მხარი დაუჭირონ.

„ახლა ტერორისტი სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ სოლედარის გარკვეული ნაწილი, რომელიც სრულად განადგურებულია ოკუპანტების მიერ, რუსეთის გარკვეულ მიღწევას წარმოადგენს. ისინი ცდილობენ, თავიანთ საზოგადოებას წარმოუჩინონ ისე, რომ მხარი დაუჭირონ მობილიზაციას და იმედი მისცენ მათ, ვინც აგრესიას ემხრობა. თუმცა ბრძოლა გრძელდება, დონეცკის მიმართულება დგას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა“, - აცხადებს უკრაინის სახელმწიფოს მეთაური.

ცნობისთვის, რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სოლედარის აღება დაასრულეს.