Foto

რუსეთი დიდი ბრიტანეთის 36 მოქალაქეს სანქციებს უწესებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის 36 მოქალაქის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC -ის რუსულენოვანი სამსახური საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სანქცირებულ პირთა შორის ბრიტანეთის მთავრობის წევრები, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები არიან, თუმცა კონკრეტული სახელები და გვარები არ სახელდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა „ბრიტანეთის მთავრობის ანტირუსულ კურსი, რომელიც აგრძელებს პერსონალური სანქციების მექანიზმის აქტიურ გამოყენებას და ინტენსიურ პროპაგანდისტულ კამპანიას რუსეთის დისკრედიტაციისა და საერთაშორისო იზოლაციის მიზნით". 

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ომთან დაკავშირებით ლონდონის პოზიციის საპასუხოდ, მოსკოვმა სანქციები ასობით ბრიტანეთის მოქალაქეს დაუწესა. მათ შორის არიან ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის სრულუფლებიანი წევრები, მთავრობის ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამხედროები, დიპლომატები და ჟურნალისტები წამყვანი ბრიტანული მედიიდან, მათ შორის BBC-დან.