Foto

ვოლსკი - პოდოლიაკის გამოთქმა, შეფასებები უტიფარია

პოდოლიაკის გამოთქმა, შეფასებები არის უტიფარი, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი, საქართველოსთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

ვოლსკის შეფასებით, მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, პოდოლიაკი ან "უტიფრად აგრძელებს ენმ-ის პოლიტიკას", ან ვერ ხედავს, რა ხდება.

"თუ ის იმის შემდეგ ვერ მიხვდა, ვისკენ არის საქართველო, რაც განსაკუთრებით მას შემდეგ, ქვეყანამ რუსეთის მიმართ ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, როგორებიც არის, მათ შორის ტრიბუნალისთვის მიმართვა, მათ შორის რუსეთის გარიცხვა მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ის ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, რაც ასევე არ არის გასაკვირი, ან პრაქტიკულად, ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო, რეგიონში რა ხდება", - ამბობს ვოლსკი.

ცნობისთვის, მიხაილო პოდოლიაკი „გოლოვანოვთან“ ინტერვიუში საქართველოს მიერ კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გადაცემაზე უარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ომის ათთვენახევრის შემდეგაც კი, საქართველოს მთავრობას არ ესმის, თუ ვის მხარეს უნდა იყოს“. მისივე თქმით, "ქართველმა ხალხმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია".