Foto

საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის კვეთას ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით შეძლებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და  ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით, ერევანში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას  შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ. 

რაც შეეხება თავად ეკონომიკური კომისიის სხდომას, სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო-სომეხეთის მთავრობებს შორის პოზიტიური დინამიკაა - სავაჭრო ბრუნვა, დაახლოებით, 70%-ით გაიზარდა და მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
 
„დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები თქვენს მთავრობას, კომისიის წევრებს.  დიდი პატივია ჩემთვის, ვიმყოფებოდე ერევანში და ჩემს კოლეგასთან, მეგობართან ერთად ვუხელმძღვანელო ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომას. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა და ძმობა გვაქვს და ჩვენი დღევანდელი სხდომაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონალური სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი. ჩვენ საკმაოდ პოზიტიური დინამიკა გვაქვს მთავრობებს შორის. მინდა აღვნიშნო სიამოვნებით, რომ იანვარ-ნოემბრის პერიოდში, გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 70%-ით დაახლოებით, გასულ წელს და მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მართლაც მისასალმებელი შედეგია და სომხეთი საქართველოსთვის გახდა მე-6 სავაჭრო პარტნიორი, ტოპ ათეულში მე-6 სავაჭრო პოზიცია დაიკავა სომხეთმა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, გადაზიდვები, ტვირთბრუნვა, ყველა მიმართულებით არის გაზრდილი აღნიშნული მონაცემები", - აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სხდომაზე მხარეები სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას განიხილავენ, მათ შორის ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

„პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო დამსწრეებო, მოხარული ვარ, ერევანში მივიღო ჩემი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი და მისი დელეგაცია, სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს 12-ე სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს ის, რომ პრემიერები თავმჯდომარეობენ დღევანდელ სხდომას. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2019 წლიდან დღემდე უკვე სამი მთავრობათაშორისი სხდომა ჩატარდა, რაც ჩვენს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ხელს შეუწყობს. ორივე მხარემ შევასრულეთ ჩვენს მიერ დადებული ყველა პირობა. დღევანდელი დღის წესრიგი ძალიან ფართოა და მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროები. დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ. ბატონ პრემიერთან განვიხილავთ უსაფრთხოების და რეგიონულ საკითხებს. მსგავს საკითხებში არის ურთიერთგაგება, რაც განპირობებულია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობებით. ნება მიბოძეთ, წარმატება ვუსურვო ყველა შეთანხმების შესრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებს მაღალ დონეზე ავიყვანთ, გავაღრმავებთ, რისთვისაც საჭიროა ყოველდღიური მზრუნველობა", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.