Foto

„თავს ისულელებ?“ - პუტინი ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს საჯაროდ აკრიტიკებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი საჯაროდ გააკრიტიკა. 

The Guardian-ის ინფორმაციით, პუტინის კრიტიკის მიზეზი სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების შეკვეთების შესრულებისას სამინისტროს მხრიდან "ძალიან ნელი მოქმედება" გახდა.

"ძალიან დიდი დრო სჭირდება, ძალიან დიდი დრო. არ გვესმის რა ვითარებაში ვართ?", - მიმართა პრეზიდენტმა მინისტრს.

ოფიციალურ პირებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა, პუტინმა მანტუროვს 2023 წელს სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების კონტრაქტების არარსებობის გამოც უსაყვედურა.

მანტუროვმა თავის მართლება სცადა, პუტინმა კი, კონტრაქტების დასასრულებლად, მას ერთთვიანი ვადა მისცა.

"ვიცი, რომ საწარმოებში კონტრაქტები არ არის, მითხრეს დირექტორებმა. თავს ისულელებ? როდის გაფორმდება კონტრაქტები?” - მიმართა პუტინმა მინისტრს.