Foto

დნეპრში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

დნეპრში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, ბორის ფილატოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მაშველებმა დღეს ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, რითაც გარდაცვლილი არასრულწლოვნების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.

„09:46 საათზე, მე-4 სართულზე, დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 1 გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე ამ დრომდე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რუსეთმა დნეპრში მდებარე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბა. სარაკეტო იერიშის შედეგად 79 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი დაშავდა. მომხდარის გამო, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) უკვე დაადგინა იმ რუსი სამხედროების ვინაობა, რომლებიც სარაკეტო იერიშში მონაწილეობდნენ. უწყების ცნობით, თავდასხმა  ათობით რუსმა სამხედრო მოსამსახურემ განახორციელა.