Foto

ლავროვი - იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ განვაახლოთ პირდაპირი ფრენები საქართველოსთან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.

როგორც ლავროვმა მოსკოვში, 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოხარულია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. შარშან მითხრეს, რომ საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ განვაახლოთ პირდაპირი ფრენები“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ საუბარი დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების განახლებასა და მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას განიხილავდა, თუკი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ამის მიზეზი კი, საქართველოში 2019 წლის ივნისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციები გახდა.