Foto

ზელენსკი - ვახტანგ კიკაბიძის ნათელი ხსოვნა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება

უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი წაიკითხა.

წერილის მიხედვით, ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში.

„ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს:

ამ მწუხარების ჟამს, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო. ლეგენდა, რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო.

უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესოსთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას.

გლოვის ნიშნად ქედს ვიხრი, სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემელთან ერთად.

ვახტანგ კიკაბიძის ნათელი ხსოვნა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება“,- აღნიშნულია ზელენსკის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.

ვახტანგ კიკაბიძეს, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დღეს დაკრძალავენ.

ვახტანგ კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.