Foto

საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია. 

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდამსხმელი ავღანეთის მისიაშიც მონაწილეობდა.

"როგორც ვიცით მოქმედი სამხედროა. 2016 წლიდან მუშაობდა. პირველადი ინფფორმაციით, როგორც გვითხრეს 2021 წელს წამოვიდა სამსახურიდან. მანამდე მუშაობდა. ავღანეთის მისიაშიც იყო, როგორც დაგვიდასტურეს. რა მოხდა არავინ იცის ჯერჯერობით", - ამბობს გომელაური. 

საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მყოფმა შეიარაღებულმა პირმა, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, პირმა, რომლის მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად არიან მოკლულები და დაჭრილები, თავი ადგილზე სპეცრაზმის მისვლისთანავე მოიკლა.