ვერავინ ვხსნით, რა მოხდა - მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგარეჯოში, შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მინისტრის თქმით, გარდაცვლილია 5 პირი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და დაჭრილია 6.
„ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი, საიდანაც, სამწუხაროდ, 1 არის ჩვენი თანამშრომელი. 5 ადამიანი დაჭრილია, საიდანაც ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და არ ვიცით, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას გადარჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხდა. მოქალაქე, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, იმყოფებოდა მისი შვილის სახლში (შვილი სრულწლოვანია). დაიწყო ჯერ ერთი მხრიდან სროლა და შემდეგ მეორე მხრიდან და ბავშვმა დატოვა სახლი. შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა“, - განაცხადა მინისტრმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდამსხმელი ავღანეთის მისიაშიც მონაწილეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.
ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.
მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდა ამისა, ბრალდებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ასევე, ერთ-ერთი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.
ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვითარება მაინც შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდე...
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებ...
მაქვს შესაძლებლობა და პატივი შემოგთავაზოთ ინტერ...
ტაკერ კარლსონი არ არის ბოლო ადამიანი ამერიკულ ჟ...
მოსკოვის პოკროვსკის მონასტრის იღუმენის იღუმენ ფ...
Mana press