Foto

ღარიბაშვილი - გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქზე" წერს.
 
მთავრობის მეთაური სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
 
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პრემიერი.

შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

აღნიშნული ინფორმაცია მალევე დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელია. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

შემთხვევის ადგილზე მისულმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ პირი, რომელიც აივნიდან გასროლას ახორციელებდა, ყოფილი სამხედროა და თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა. 

თავდამსხმელმა, სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, თვითლიკვიდაცია განახორციელა. 

გამნაღმველებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა დილის 6 საათზე დაასრულეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.