კახექსია დაწყებულია სადღაც 8 თვის წინ, ნოემბრის ბოლოს კახექსიისთვის დამაკმაყოფილებელ კრიტერიუმებს რამდენიმე კილოგრამი აკლდა, დღეს, ალბათ, უკვე არის კახექსიის სტადია, - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც თოიძემ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს დასმული აქვს ნერვული სისტემის დაავადების 6 დიაგნოზი და გარდა ამისა, სახეზეა მაკულოპათია, რაც უმძიმეს შემთხვევაში, ცალი თვალით მხედველობის დაკარგვას გამოიწვევს.
„კახექსია არის მდგომარეობა, როდესაც ადგილი აქვს წონის კატასტროფულ კლებას, აქვს თავისი პარამეტრები. პირველი ატროფიის ნიშნები, გახსოვთ თქვენ სახალხო დამცველის მეოთხე დასკვნა, სადაც აღწერილია, რომ განლეულია საფეთქლის კუნთები, რაც კახექსიის პირველი ნიშანია. ანუ კახექსია დაწყებულია სადღაც 8 თვის წინ და ჩვენ როდესაც შევწყვიტეთ პაციენტის მონიტორინგი, ეს არის ნოემბრის ბოლო დღეები, იმ პერიოდისთვის კახექსიისთვის დამაკმაყოფილებელ კრიტერიუმებს რამდენიმე კილოგრამი აკლდა. დღეს, სამწუხაროდ, არ ვიცი მონაცემები, ალბათ, უკვე არის კახექსიის სტადია...
6 ძირითადი დიაგნოზია ნევროლოგიური სისტემის - ცენტრალური ნერვული სისტემის ანუ ტვინის დაავადება, პერიფერიული ნეიროპათია, რაც გულისხმობს დაბუჟებებს ხელებსა და ფეხებში და სიარულის გაძნელებას, ის ვერ გრძნობს იატაკს და ვერ გრძნობს საგნებს ხელში. ავტონომიური ნერვული სისტემის დაზიანება. ეს არის დაზუსტებული დიაგნოზები. გარდა ამისა, არის დაუზუსტებელი იგივე დიაგნოზები, რომელთა დაზუსტებაც მოხდება მას შემდეგ, რაც ჩატარდება გარკვეული კვლევები. სააკაშვილის შემთხვევაში, ენცეფალოპათია გვაქვს ორი. ერთი არის ვერნიკეს ენცეფალოპათიის ქრონიკული სტადია თავისი კლინიკური გამოვლინებებით და მერე გამოჩნდა ენცეფალოპათიის ახალი ნევროლოგიური ნიშნები და ეს არის დაუზუსტებელი. ამ ეტაპზე ვერ გამოვრიცხავთ ტოქსიკური ზემოქმედებით გამოწვეულ ენცეფალოპათიას. მძიმე დიაგნოზია კიდევ ერთი, რომელიც უკვე ტვინს აღარ შეეხება, ეს არის ზურგის ტვინი კონტუზია. „ვივამედის“ კლინიკაში, მეორე გამოკვლევიდან ჩნდება ე.წ. თვალის ფსკერზე ბადურის დეგენერაციული ცვლილებები, რასაც ჰქვია მაკულოპათია, რაც დაემთხვა მხედველობის გაუარესებას მარჯვენა თვალში. მაკულოპათია ეს არის დეგენერაციული დაავადება, რომელიც განაგრძობს პროგრესირებას და უმძიმეს შემთხვევაში, ცალი თვალით მხედველობას დაკარგავს.
გამომდინარე მისი დაავადების სიმძიმიდან და პროგრესულობიდან, საავადმყოფოდან ციხის საკანში მისი გადაყვანა სიკვდილის ტოლფასი იქნება. შესაბამისად, იმ პროცედურების აღსრულება, რასაც ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა, შეუძლებელი იქნება მის მიმართ განხორციელდეს", - განაცხადა ოთარ თოიძემ პროცესზე.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას ამ წუთებში განიხილავს. სხდომაზე ექსპერტების დაკითხვაა დაგეგმილი.
ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press