Foto

ვოლოდინი - კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდება გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდება "გლობალურ კატასტროფას" გამოიწვევს. როგორც ვოლოდინმა Telegram-ზე დაწერა, ვაშინგტონსა და ბრიუსელს მსოფლიო "საშინელ ომამდე" მიჰყავთ.

დუმის სპიკერის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, აშშ-მ და ევროპამ კაცობრიობის წინაშე "თავიანთი პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიერონ".

"კიევის რეჟიმისთვის შეტევითი იარაღის მიწოდება გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს. თუ ვაშინგტონი და ნატო-ს ქვეყნები [უკრაინას] მიაწოდებენ იარაღს, რომელიც გამოყენებული იქნება ქალაქების დასაბომბად და შეეცდებიან ჩვენი ტერიტორიების ხელში ჩაგდებას, როგორც ისინი იმუქრებიან, ეს გამოიწვევს საპასუხო ზომებს უფრო ძლიერი იარაღის გამოყენებით.

კონგრესის წევრებმა, ბუნდესტაგის დეპუტატებმა, საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ და ევროპის სხვა პარლამენტებმა უნდა გააცნობიერონ პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე.

ვაშინგტონსა და ბრიუსელს თავიანთი გადაწყვეტილებით მიჰყავთ მსოფლიო საშინელ ომამდე: სრულიად განსხვავებულ სამხედრო მოქმედებებამდე, ვიდრე დღეს არის, როდესაც დარტყმები ხორციელდება ექსკლუზიურად სამხედრო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც იყენებს კიევის რეჟიმი.

რუსული იარაღის ტექნოლოგიური უპირატესობის გათვალისწინებით, უცხოელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, უნდა გაიგონ, რომ ეს შეიძლება დასრულდეს გლობალური ტრაგედიით, რომელიც გაანადგურებს მათს ქვეყნებს.

უსაფუძვლოა არგუმენტები, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს აქამდე არ გამოუყენებიათ მასობრივი განადგურების იარაღი, ლოკალური კონფლიქტების დროს. ეს იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოები არ ყოფილან სიტუაციაში, როდესაც არსებობდა მათი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე", - წერს ვოლოდინი.