Foto

თუ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ გადასცემს, ვარშავა კოალიციას შექმნის - პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ გადასცემს, ვარშავა შექმნის მცირე კოალიციას, რომელიც კიევს ტანკებით უზრუნველყოფს. ამის შესახებ მორავეცკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სამხედრო ტექნიკის უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით არსებული პოზიციის გამო, გერმანიას მკაცრად აკრიტიკებს, ამბობს, რომ "უკრაინა და ევროპა მოიგებს ამ ომს გერმანიასთან ერთად, ან მის გარეშე".

„თუ გერმანია არ დათანხმდება Leopard 2-ების გადაცემას, მაშინ ჩვენ შევქმნით სახელმწიფოთა უფრო მცირე კოალიციას, რომლებიც მზად არიან, გაუზიარონ თავიანთი თანამედროვე ტანკები უკრაინას. უკრაინა და ევროპა მოიგებს ამ ომს - გერმანიასთან ერთად, თუ მის გარეშე. ახლა გერმანიაზეა დამოკიდებული, სურთ თუ არა შეუერთდნენ მისიას და შეაჩერონ რუსული ბარბაროსობა, თუ აირჩიონ, რომ ჩუმად უყურონ და ისტორიაში შევიდნენ, როგორც არასწორ მხარეს მყოფნი", - ამბობს მორავეცკი.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ს ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ შეერთებული შტატები უკრაინას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტანკებს მიაწვდის. უკრაინისთვის Leopard 2-ის გაგზავნის საკითხს განიხილავს კანადაც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის საბრძოლო ტექნიკას გერმანია აწარმოებს, Leopard 2-ის რეექსპორტისთვის სწორედ აღნიშნული ქვეყნის მთავრობის თანხმობაა საჭირო.