Foto

მინისტრის მოადგილის დაკავება უნდა იყოს სიგნალი მათთვის, ვინც სამართლიანობის პრინციპს არღვევს - უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილის დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი დაკავება უნდა იყოს სიგნალი ყველა იმ პირისთვის, ვინც სამართლიანობის პრინციპს არღვევს.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთის ფედერაციასთან სრულმასშტაბიანი ომის 333-ე დღის ბოლოს გამართულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინა არასდროს დაუბრუნდება იმ ხალხს, ვინც "მთელი ცხოვრება სკამის დევნაში გაატარა".

"პირველი და მთავარი, რაზეც დღეს მინდა ვისაუბრო, არის სამართლიანობა. სამართლიანობა, რომელიც სხვათა შორის, სიფხიზლის ერთ-ერთი საფუძველია. საზოგადოებაში, რომელიც გრძნობს სამართლიანობას, ადამიანთა კავშირი ყოველთვის უფრო ძლიერია.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გაათავისუფლა მინისტრის მოადგილე, რომელიც НАБУ-ს თანამშრომლებმა ამხილეს. სამართალდამცავებს აქვთ ყველა შესაძლებლობა, ჩაატარონ გამოძიება და ეს საქმე სასამართლომდე მიიყვანონ. მსურს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის დაკავება იყოს სიგნალი ყველასთვის, ვისი ქმედება თუ ქცევა არღვევს სამართლიანობის პრინციპს.

რა თქმა უნდა, ახლა მთავარი აქცენტი თავდაცვის საკითხია, საგარეო პოლიტიკის საკითხია, ომის საკითხია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერ ვხედავ და არ მესმის, რასაც საზოგადოებაში ამბობენ სხვადასხვა დონეზე - როგორც ცენტრალურ დონეზე, ისე რეგიონებში. ეს კვირა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კვირა. ახლა არ მინდა მათი გამოცხადება, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ენერგეტიკასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, საზოგადოება უახლოეს პერიოდში ინფორმაციას მიიღებს, სახელმწიფო კი, "საჭირო ძლიერ ნაბიჯებს" გადადგამს.

ცნობისთვის, უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე ვასილი ლოზინსკი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.