Foto

ვარშავა ბერლინს Leopard 2-ის გაგზავნის ნებართვას სთხოვს, უარის შემთხვევაში, უკრაინას ტექნიკას მაინც გადასცემს - მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ ვარშავა ბერლინს მიმართავს Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის ნებართვის მოთხოვნით, თუმცა თუ თანხმობა არ იქნება, პოლონეთი, "მცირე კოალიციის" ფარგლებში, აღნიშნულ სამხედრო ტექნიკას უკრაინას მაინც გადასცემს.

როგორც მორავეცკიმ პოლონურ მედიასთან საუბრისას თქვა, Leopard 2-ის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ "იმედის ნაპერწკალი გააჩინა".

"გერმანიას აქვს 350 აქტიურ Leopard 2-ზე მეტი და 200 მათგანი რეზერვშია. მათ ნამდვილად შეუძლიათ, დაეხმარონ უკრაინას, რომელიც დღეს იბრძვის. ეს არის ბრძოლა ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის... მ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ მივიღებთ თანხმობას ბერლინისგან. „მცირე კოალიციის“ ფარგლებში, თუნდაც მასში გერმანელები არ იყვნენ, მაინც გადავცემთ უკრაინას ტანკებს და სხვა დანარჩენს", - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, Leopard 2-ის ტანკებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის კიევისთვის გადაცემის საკითხი 50 ქვეყნის წარმომადგენლებმა "რამშტაინის" ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს, თუმცა Leopard 2-ის ტანკების მიწოდებაზე  შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აშშ და სხვა მოკავშირეები ელოდნენ, რომ გერმანია თავად მიაწოდებდა უკრაინას სამხედრო ტექნიკას და სხვა ქვეყნებს, როგორც მწარმოებელი, რეექსპორტის საშუალებას მისცემდა.

"რამშტაინის" ფორმატში შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ "მცირე კოალიციის" შექმნა დააანონსა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ გადასცემს, ვარშავა კიევს ტანკებით მაინც უზრუნველყოფს.

აღნიშნულს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოჰყვა. ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ გერმანია არ არის წინააღმდეგი, პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს.