Foto

ხუნდაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მილევადი პარტიაა და თავის დასასრულს უახლოვდება

როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკაში ყოფნას ფულის, მანქანებისა და გავლენების გამო აპირებს, - ასე ეხმაურება ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს.

ხუნდაძის შეფასებით, ენმ-ი, რომლის მთავარი სამიზნეც დავით კეზერაშვილის ფულია, მილევადი პარტიაა.

"ნაციონალური მოძრაობა" მილევადი პარტიაა და ის თავის დასასრულს უახლოვდება. ჭრელი ფული უკვე არის სადაო მათ შორის და დავიდნენ მანქანებამდე, საჩუქრებამდე, ხელფასებამდე. კეზერაშვილის ფინანსებს განიხილავენ მთავარ სამიზნედ და მთავარ ფუნდამენტად თუ რისთვის უნდა იყვნენ ისინი პოლიტიკაში. ისინი, როგორც ჩანს, პოლიტიკაში აპირებენ ფულის, მანქანებისა და გავლენების გამო ყოფნას", - აცხადებს ხუნდაძე.

შეგახსენებთ, ენმ-ის მოქმედმა თავმჯდომარემ და თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა პარტიას ავტომობილი გადასცა. მელიას თქმით, მას შემდეგ, რაც თავდაცვის ყოფილი მინისტრმა შიდაპარტიულ პროცესებში ჩარევა სცადა, მისთვის ავტომობილის დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა "ის დღემდე ენმ-ის ავტოფარეხში დგას".