Foto

ასეთი დინამიკა ადასტურებს ჩვენს შიშს, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ს შორდება - კასიანოვი „ალტ-ინფოზე“

ჩვენთვის, უკრაინის საელჩოსთვის რთულად გასაგებია - საქართველოში, რომელიც ასევე რუსული აგრესიის მსხვერპლია, როგორ გაჩნდნენ ასეთი პოლიტიკური ძალები, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კასიანოვმა უკრაინულ მედიას უთხრა, პრორუსული მოძრაობის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველო ნატო-სა და ევროკავშირს შორდება. 

"18 ნოემბერს, ხერსონის გათავისუფლებიდან მეშვიდე დღეს, საქართველოში, უკრაინის საელჩოს კედლებთან პრორუსული მოძრაობა "ალტ-ინფოს" მხარდამჭერების ანტიუკრაინული, პროვოკაციული აქცია გაიმართა. აქციაზე უკრაინის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის კონკრეტული პირების შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები გამოიყენეს. ეს ჩვენთვის, უკრაინის საელჩოსთვის რთულად გასაგებია - საქართველოში, რომელიც ასევე რუსული აგრესიის მსხვერპლია, როგორ გაჩნდნენ ასეთი პოლიტიკური ძალები. "ალტ-ინფოს" მხარდამჭერებმა უკვე ოფიციალურად დაარეგისტრირეს პოლიტიკური პარტია, სახელწოდებით „კონსერვატიული პარტია“. ამ პარტიას უკვე აქვს 28 წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე, საკუთარი ელექტრონული მედია და ტელევიზიაც კი. ასეთი დინამიკა ადასტურებს ჩვენს შიშს საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაშორების და ჩვენი მოქალაქეებისთვის გაზრდილი რისკების შესახებ", - აცხადებს ანდრეი კასიანოვი.