Foto

საქართველოს მართავდა აგენტურა, რაც ტერიტორიების 20%-ის დაკარგვად დაუჯდა - ხალხმა ეს აღარ უნდა დაუშვას - „ხალხის ძალა“

საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" ავრცელებს.

როგორც "ხალხის ძალაში" ამბობენ, იმისთვის, რომ "საქართველოში მშვიდობას და განვითარებას ფუნდამენტური საფრთხე აღარასოდეს შეექმნას“, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება არ უნდა დაუშვას.

„მონობის არჩევის თავისუფლება თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგიური საყრდენია. სწორედ ამ საყრდენზე დგას იმავე ფსევდოლიბერალების მიერ მართული აგენტოკრატიაც, რომელიც თავის თავში აგენტების, ანუ მონების მმართველობას მოიაზრებს.

უცხო ქვეყნის აგენტობა იმთავითვე მონობას ნიშნავს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი სახელმწიფოს სამსახურში დგახარ - რუსეთის, ამერიკის თუ სრულიად უწყინარი ახალი ზელანდიის. აგენტად კურთხევისას, ხელს აწერ პირობას, რომ პატრონის ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭული შეასრულებ. შესაბამისად, აგენტისა და მონის მდგომარეობებს შორის არავითარი არსებითი განსხვავება არ არის. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ნებისმიერი აგენტი დაღდასმულია მონის ფსიქოლოგიით, რომლისთვისაც რამდენიმე მთავარი ელემენტია დამახასიათებელი:

მონისთვის ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი ბატონი. შესაბამისად, მისთვის მოტივაციის ერთადერთი წყარო პატრონის კეთილგანწყობის მოპოვების შანსია. ისეთი მაღალი მატერიები, როგორიც ღმერთი და სამშობლოა, აგენტისთვის ნულოვანი დატვირთვის მატარებელია;

მონა აღტაცებულია პატრონით და მისგან კეთილგანწყობის ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო ჟესტს დიდ წყალობად იღებს;

აგენტი როგორც სიკეთის, ისე საფრთხის ერთადერთ წყაროდ პატრონს აღიქვამს, რომლის მიმართ შიში ვერცერთ მომაკვდინებელ სტიქიასთან ახლოსაც ვერ მივა;

მონას არასოდეს ტოვებს განცდა, რომ მისი მდგომარეობა და ბედისწერა ცვლილებას არ ექვემდებარება. 

აქედან გამომდინარე, მონა პატრონის ნებისმიერ დავალებას იოლად იღებს და ასრულებს, თუნდაც პატრონი მისგან მასზე ათჯერ ძლიერ გლადიატორთან სასიკვდილო ორთაბრძოლაში მონაწილეობას ითხოვდეს.

ამ ნიშან-თვისებების გათვალისწინებით, ხელისუფლების სათავეში აგენტურის ყოფნა სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია. სამშობლოსა და პატრონს შორის აგენტი უპირატესობას ყოველთვის პატრონს მიანიჭებს და პატრონის შიშით თუ მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭული მოაწერს ხელს, თუნდაც ეს დავალება საკუთარი სამშობლოს მსხვერპლშეწირვას გულისხმობდეს.

საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა. ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება აღარასოდეს უნდა დაუშვას, რათა საქართველოში მშვიდობას და განვითარებას ფუნდამენტური საფრთხე აღარასოდეს შეექმნას“, - აღნიშნულია "ხალხის ძალის" განცხადებაში.