Foto

მელია - ვულოცავ ხაბეიშვილს და ვუსურვებ, რომ პარტია ღირსებითა და სამართლიანად ემართოს

ნიკა მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა, სადაც განმარტა, რომ პარტიაში რჩება და ბრძოლას აგრძელებს. 

გამართულ ბრიფინგზე მელიამ ასევე მიულოცა გამარჯვება ლევან ხაბეიშვილს და პარტიის ღირსებითა და სამართლიანად მართვა უსურვა. 

"მე მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია ვინმეს ან გამარჯვებული უწოდო ან დამარცხებული, გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ჩვენი სახელმწიფო - გვყავს პოლიტპატიმრები, საგარეო კურსი ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში სამწუხაროდ, ძალიან მყარად იხრება რუსეთის ორბიტისკენ და რთულია, ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული ვუწოდოთ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, საქართველო გაიმარჯვებს და მისი მომავალი იქნება ნათელი და ბევრი იმიგრანტი დაბრუნდება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, არჩევნები შედგა, ჰყავს გამარჯვებული, მე მას ვულოცავ, ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებითა და სამართლიანად და მინდა ვიმედოვნო, რომ ამას მოახერხებს. ვფიქრობ, რომ არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ ამ ბრძოლაში ვრჩები, ვრჩები ბრძოლაში, რომელსაც შემოვუერთდი 2013 წლიდან და ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში, იმ ათასობით უღალატო "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთან ერთად, რომელიც ჩემთვის გაცილებით უფრო ძვირფასნი არიან, როგორც პარტიის წევრები, ვიდრე მეგობრები",- განაცხადა მელიამ. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52,58% აიღო. 

ცნობისთვის, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვდა.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" ჰქონდა, თუმცა მზად იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 

12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ნონა მამულაშვილიც იბრძოლებდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პარტიაც და პარლამენტიც ოფიციალურად დატოვა იმ მოტივით, რომ "პარტიას სიახლე და გაჯანსაღება არ ეტყობოდა". 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ამომრჩეველთა რეგისტრაცია 13 იანვარს დაიწყო. კენჭისყრა კი 28-29 იანვარს გაიმართა.